როგორც Heavy იტყობინება, UFC-ის მსუბუქი წონის ყოფილი ჩემპიონი ილია თოფურია მზადაა, The Ultimate Fighter-ის (TUF) შოუში მწვრთნელად გამოვიდეს და იქ თავის მეტოქეს, პედი პიმბლეტს, დაუპირისპირდეს. ორი მებრძოლის დაპირისპირებაზე უკვე 2027 წლის დასაწყისისთვის საუბრობენ.

გამოცემის ცნობით, თუ ეს ორთაბრძოლა შედგება, TUF-ში ერთმანეთის პირისპირ მწვრთნელობის იდეა ორივე მხარისთვის საინტერესოა.
ილია თოფურია: UFC-სთან ჯერ არ მისაუბრია
ესპანურ ABC.es-თან ინტერვიუში თოფურიამ აღიარა, რომ TUF-თან დაკავშირებული ჭორები მასაც სმენია, თუმცა UFC-სთან ამ საკითხზე ჯერ არ უსაუბრია. მისი თქმით, როცა ორგანიზაციასთან მოლაპარაკებები განახლდება, გაირკვევა, ემთხვევა თუ არა მხარეების ინტერესები.
ქართველ-ესპანელმა მებრძოლმა ხაზი გაუსვა, რომ ახლა მისთვის მთავარია, ვარჯიშს დაუბრუნდეს, თავი ჯანმრთელად იგრძნოს და შემდეგ ნებისმიერი გამოწვევისთვის მზად იყოს. პიმბლეტის მისამართით კი ჩვეული სიმწვავით ისაუბრა:
„პედის სოსისივით შევჭამ! იოლი მეტოქე არ არსებობს, მაგრამ…“
თოფურიამ ისიც დაამატა, რომ პიმბლეტს ანგარიში უნდა გაუწიო, თუმცა, მისივე აზრით, ბრიტანელის სუსტი მხარეები აშკარაა.

„პედი ჯასტინს არ ჰგავს“
ილია თოფურია პიმბლეტს ჯასტინ გეითჯის ადარებს — მებრძოლს, რომელმაც მას UFC Freedom 250-ზე კარიერაში ერთადერთი მარცხი აგემა. ქართველის შეფასებით, ბრიტანელი პარტერში მასთან ვერაფერს ახერხებს: ვერც ჩამოგდებას და ვერც გარდის გავლას.
გეითჯი კი, თოფურიას თქმით, სხვა კალიბრის მებრძოლია — გამოცდილი, დარტყმებს კარგად არიდებს თავს და არასტანდარტულად მოქმედებს. პიმბლეტს, მისი აზრით, არც ნოკაუტური დარტყმა აქვს და არც მოულოდნელი ილეთები.
„პედი ძალიან პროგნოზირებადია, მისი განზრახვები შორიდანვე ჩანს“.
ჯერჯერობით უცნობია, დათანხმდება თუ არა UFC ამ ორი მეტოქის TUF-ში დაპირისპირებას. ამ ეტაპზე ეს მხოლოდ იდეაა და ოფიციალური გადაწყვეტილება მიღებული არ არის.

მეტი სიახლე: ილია თოფურია · MMA
წყარო: Heavy


