როგორც Mundo Deportivo იხსენებს, გარი ლინეკერი ბარსელონაში ოცნებისეული დებიუტით წარდგა: ინგლისელმა თავდამსხმელმა პირველივე ოფიციალურ მატჩში რასინგ სანტანდერს ორი გოლი გაუტანა და კატალონიურ კლუბს 2:0 მოაგებინა. ორივე ბურთი შეხვედრის პირველ 26 წუთში გავიდა.

ლინეკერი კატალონიურ კლუბში 1986 წელს ევერტონიდან გადავიდა. იმ ზაფხულს ის მსოფლიო ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი გახდა, ამიტომ კატალონიაში მისგან ბევრს ელოდნენ.
გარი ლინეკერი და დუბლი რასინგთან
მატჩი ლა ლიგის პირველ ტურში, 1986 წლის 30 აგვისტოს, „კამპ ნოუზე“ გაიმართა. ანგარიში უკვე მეორე წუთზე გაიხსნა: კარასკომ კუთხური მიაწოდა, ბურთი ისევ მასთან დაბრუნდა და მან ჯარიმის მოედანში შეაწოდა, სადაც ლინეკერმა კარის წინ ფეხი მიუშვირა.
მეორე გოლი 26-ე წუთზე გავიდა. კალდერემ ინგლისელს ბურთი გადაუგდო, მან ის გააჩერა, მეტოქის პასიურობით ისარგებლა და ზუსტი, მიწისპირა დარტყმით კვლავ შეარყია მეტოქის კარი. ამით მატჩის ბედი პრაქტიკულად გადაწყდა.

ბარსელონაში გატარებული სამი სეზონი
მატჩის შემდეგ ფეხბურთელი კმაყოფილებას არ მალავდა. როცა ჰკითხეს, შეძლებდა თუ არა ლიგაშიც ბომბარდირთა სიის სათავეში მოხვედრას, მოკრძალებით უპასუხა:
„ეს ორი გოლი შეიძლება კარგი დასაწყისი იყოს, მაგრამ ტიტულზე ბევრი სხვა პრეტენდენტიცაა და ამის მიღწევა ნამდვილად არ იქნება ადვილი“.
ასეც მოხდა: ლინეკერმა იმ სეზონში 20 გოლი გაიტანა და საგრძნობლად ჩამორჩა საუკეთესო ბომბარდირს, რეალ მადრიდის თავდამსხმელ უგო სანჩესს, რომელსაც 34 გოლი ჰქონდა.
ჯამში გარი ლინეკერმა ბარსელონაში სამი სეზონი გაატარა და ოფიციალურ მატჩებში 52 გოლი გაიტანა, მათგან 4 — პენალტიდან. 1989 წელს ინგლისელი ტოტენჰემში გადავიდა.

მეტი სიახლე: ბარსელონა · ტოტენჰემი · ლა ლიგა
წყარო: Mundo Deportivo
წყარო: Mundo Deportivo
კომენტარები