ჯიმი კონორსი — როგორც Tennis Majors იხსენებს, 1981 წლის 15 ნოემბერს ჯიმი კონორსმა უემბლის გრან-პრის ფინალში თანამემამულე და მთავარი მეტოქე ჯონ მაკენრო დაამარცხა — 3:6, 2:6, 6:3, 6:4, 6:2. კონორსმა ორი სეტით ჩამორჩენის შემდეგ გაიმარჯვა. ორივე ამერიკელი მატჩის დროს ქცევის გამო დააჯარიმეს.

ჯიმი კონორსის დაბრუნების დასაწყისი
ბოლო სამი წელი კონორსისთვის რთული იყო. 1978 წლის US Open-ის შემდეგ ის გრანდ სლემის ფინალში არ გასულა, თუმცა მსოფლიო რეიტინგში მაინც მეორე ადგილს იკავებდა.
უემბლის ტიტული გარდამტეხი აღმოჩნდა. 1982 წელს კონორსმა უიმბლდონი და US Open მოიგო და მსოფლიოს პირველ ნომრად დაბრუნდა.

სკანდალური ფინალი
ფავორიტი მაკენრო იყო — მსოფლიოს პირველი ნომერი და სამგზის მოქმედი ჩემპიონი. მან პირველი ორი სეტი მოიგო, მაგრამ მეორე სეტში, მსაჯთან ხანგრძლივი კამათის დროს, კონორსი ხაზის მსაჯის სკამზე ჩამოჯდა და მაყურებელი გააცინა. ბრიტანელ გულშემატკივრებს მაკენროს ფიცხი ხასიათი არ მოსწონდათ და ლონდონში მას „Superbrat“-ს ეძახდნენ.
მესამე სეტში კონორსი ბადესთან მივიდა და მაკენროს მამობრივი ტონით ესაუბრა. შემდეგ მან მესამე და მეოთხე სეტები მოიგო, გადამწყვეტ სეტში კი ორივე მოთამაშე მსაჯის გადაწყვეტილებებს დაუპირისპირდა.

ჯარიმები და მეტოქეობა
კონორსი უცენზურო სიტყვის წამოძახებისთვის დაჯარიმდა, მაკენრო — ჩოგნის, ბურთისა და მსაჯის სკამის მიმართ უხეში მოპყრობისთვის. მაკენროს 21-დღიანი დისკვალიფიკაცია ემუქრებოდა და მან განაცხადა, რომ გასაჩივრებას არ აპირებდა.
ორი ამერიკელი ჯამში 34-ჯერ შეხვდა ერთმანეთს, მაკენროს უპირატესობით — 20:14. ბოლო შეხვედრა 1991 წელს ბაზელში გაიმართა და მაკენრომ 6:3, 6:3 გაიმარჯვა.
მეტი სიახლე: ჩოგბურთი
წყარო: Tennis Majors
წყარო: Tennis Majors
კომენტარები