ბრაზილიელი ნახევრად მსუბუქი წონის მებრძოლი ჟოზე დელანო UFC-ში მეორე ბრძოლისთვის ემზადება. როგორც UFC-ის ოფიციალური საიტისთვის E. Spencer Kyte წერს, ამ შაბათ-კვირას მას დაუმარცხებელი მურთაზალი მაგომედოვი დაუპირისპირდება.

შეხვედრა UFC Fight Night-ის ფარგლებში, ლას-ვეგასის Meta APEX-ში გაიმართება, სადაც მთავარ ბრძოლაში ერთმანეთს უოლდო კორტეს აკოსტა და ჯონი უოკერი შეხვდებიან.
ჟოზე დელანო და ხანგრძლივი გზა ოქტაგონამდე
დელანომ კონტრაქტი Dana White’s Contender Series-ის მეცხრე სეზონში მოიპოვა. იმ დროისთვის პროფესიონალურ კარიერაში 19 ბრძოლა ჰქონდა ჩატარებული და მათგან 16-ში გაიმარჯვა. შვიდი თვის წინ, დებიუტში, მან რობერტ რუხალა დაამარცხა, თუმცა აღიარებს, რომ მოსალოდნელზე მეტად ღელავდა.
„არ მეგონა, თუ ასე ვინერვიულებდი“, — თქვა ბრაზილიელმა. მისი თქმით, რუხალასთან სამრაუნდიანმა სასტიკმა ბრძოლამ ის უფრო მომწიფებული გახადა. დელანო ფიქრობს, რომ გამოცდილება მის მთავარ უპირატესობად იქცევა: ის LFA-ში სამჯერ და Shooto-ში ერთხელ ხუთრაუნდიან ბრძოლაში გამოვიდა, მაგომედოვს კი მესამე რაუნდში ჯერ არ უბრძოლია.

ოცნება — მხოლოდ მებრძოლად ყოფნა
ახლახან დაქორწინებული ბრაზილიელის მთავარი მიზანი ისაა, რომ დრო მხოლოდ ვარჯიშსა და ეკლესიაში საქმიანობას დაუთმოს და აღარ მოუწიოს გაკვეთილების ჩატარება. ბოლო ორი თვე სპონსორმა მისი ხარჯები დაფარა, რამაც დელანოს ამ ცხოვრების გემო გაასინჯა.
„მხოლოდ მებრძოლად ყოფნის გემო საოცარი იყო. ამან მეტი მოტივაცია მომცა, რომ ამ ბრძოლაში ბონუსი მოვიგო“.

კლასიკური დაპირისპირება: დამრტყმელი გრეპლერის წინააღმდეგ
მაგომედოვმა Contender Series-ში კონტრაქტი შარშან მოიპოვა, წელს კი მელსიკ ბაღდასარიანი შოტლანდიური ტვისტერით დაამარცხა. ჟოზე დელანო მეტოქეს ძლიერ გრეპლერად მიიჩნევს, რომელსაც კარგი დარტყმითი ტექნიკაც აქვს.
ბრაზილიელი აპირებს, ბრძოლა დგომში წარმართოს და მეტოქეს ჭიდაობის საშუალება არ მისცეს. რაც შეეხება მომავალ მეტოქეებს, ამ საკითხს თავის მენეჯერებს ანდობს — დელანოს თქმით, მისი საქმე ვარჯიში და ბრძოლაა.
მეტი სიახლე: MMA
წყარო: UFC (official)


