როგორც Sid Lowe-მა სოციალურ ქსელში დაწერა და The Guardian-ის სვეტში დაწვრილებით მოგვითხრო, ესპანელი მეკარის, უნაი სიმონის, ცხოვრებაში უჩვეულო კვირა დასრულდა. ლონდონში ლევ იაშინის პრიზის მიღებიდან ექვსი დღის შემდეგ მან 197-ე ბასკურ დერბიში ათლეტიკის მიერ რეალ სოსიედადის 2:1 დამარცხებაში დიდი წვლილი შეიტანა.

უნაი სიმონი სან მამესის გმირი გახდა
მასპინძლებს გოლები ინიაკი უილიამსმა და ალექს ბერენგერმა გაუტანეს, სტუმრების ერთადერთი გოლი კი ლუკა სუჩიჩს ეკუთვნის. ამ გამარჯვებით ათლეტიკმა დერბიებში რეალ სოსიედადის ოთხმატჩიანი მოგებითი სერია შეწყვიტა.
სიმონმა მატჩში ოთხი შესანიშნავი მოგერიება შეასრულა. პირველ ტაიმში მან ექვს წუთში ბარენეტჩეას, სუჩიჩისა და ოიარსაბალის დარტყმები მოიგერია. ყველაზე ეფექტური კი 72-ე წუთის შეჩერება გამოდგა, როცა კარლოს სოლერს ანგარიშის გათანაბრება არ აცალა. ამის შემდეგ სტადიონზე მყოფი 50 092 მაყურებელი ფეხზე წამოდგა და მეკარეს წუთზე მეტ ხანს უკრავდა ტაშს.
„ჩვენ უკვე ვიცოდით. თუ ვინმეს პრიზთან დაკავშირებით კითხვები ჰქონდა, ახლა შეუძლია, დაივიწყოს“, — თქვა ათლეტიკის მწვრთნელმა ედინ ტერზიჩმა.

გამოსვლა, რომელმაც ესპანეთი მოხიბლა
ორშაბათს, ლონდონის Palladium-ში, „ოქროს ბურთის“ ცერემონიაზე უნაი სიმონი მსოფლიოს საუკეთესო მეკარედ დასახელდა. მისი ჩანაწერების გარეშე წარმოთქმული სიტყვა ორ წუთსა და 21 წამს გაგრძელდა. მეკარემ მადლობა გადაუხადა მეგობრებს, ოჯახს, ათლეტიკის ლეგენდარულ მეკარეს ხოსე ანხელ ირიბარსა და მწვრთნელ კოლდო ასუას, რომელმაც მას ბავშვობაში ასწავლა, რომ ტროფეებზე მთავარი ადამიანური მემკვიდრეობაა.
დერბი 1976 წლის ცნობილი ეპიზოდის 50 წლისთავს დაემთხვა, როცა კაპიტნებმა კორტაბარიამ და ირიბარმა მოედანზე ერთად გაიტანეს ბასკური დროშა — იკურინია. კვირას ისინი კვლავ დროშით გაუძღვნენ გუნდებს, სიმონი კი ირიბარს მიჰყვებოდა.

იღბლიანი შემობრუნება
სიმონი ათლეტიკში 14 წლის ასაკში მივიდა და პირველ გუნდში უკვე მეცხრე სეზონს ატარებს. 2018 წელს ის, მაშინ მეოთხე მეკარე, იჯარით ელჩეში წავიდა. თუმცა ჩელსიმ კეპა არისაბალაგა შეიძინა, იაგო ერერინი დაშავდა, ალექს რემიროსთან მოლაპარაკებები კი ჩაიშალა და ბილბაოელებმა სიმონი უკან დააბრუნეს. „ზოგჯერ იღბალი გჭირდება, ეს ჩემი იღბალი იყო“, — იხსენებს თავად მეკარე, რომელსაც ათლეტიკის მაისურით თითქმის 300 მატჩი აქვს ჩატარებული.
მეტი სიახლე: ფეხბურთი
წყარო: Sid Lowe (The Guardian)


