როგორც Sky Sports იტყობინება, მანჩესტერ იუნაიტედი ინგლისის ჩემპიონის 20 ტიტულს ფლობს, თუმცა ეს წარმატება მხოლოდ სამ მწვრთნელს შორის ნაწილდება. ერნესტ მენგნოლმა კლუბს პირველი ორი ჩემპიონობა 1907-08 და 1910-11 წლებში მოუტანა, სერ მეტ ბასბიმ — ხუთი, სერ ალექს ფერგიუსონმა კი — 13.

შედარებისთვის, ლივერპულსაც 20 ტიტული აქვს, მაგრამ ისინი ექვს მწვრთნელზეა გადანაწილებული: ბილ შენკლი, ბობ პეისლი, ჯო ფეგანი, კენი დალგლიში, იურგენ კლოპი და არნე სლოტი.
ბასბი: ომის ნანგრევებიდან ევროპის მწვერვალამდე
ბასბი კლუბში 1945 წელს მივიდა, როცა ომისგან დაზიანებული ოლდ ტრაფორდი გამოუსადეგარი იყო და გუნდი მეინ როუდზე, მანჩესტერ სიტის სტადიონზე, თამაშობდა. მწვრთნელმა ფსონი ახალგაზრდებზე დადო და ასე დაიბადა „ბასბის ბავშვები“.
1958 წლის მიუნხენის ავიაკატასტროფამ რვა ფეხბურთელი შეიწირა, თავად ბასბი კი მძიმედ დაშავდა. მან გუნდი თავიდან ააშენა და 1968 წელს უემბლიზე ბენფიკას 4:1 სძლია — ევროპის თასი ინგლისში პირველად აღმოჩნდა.

მანჩესტერ იუნაიტედი ფერგიუსონის ეპოქაში
ბასბის წასვლის შემდეგ ხუთმა მწვრთნელმა ჯამში ოთხი საშინაო თასი მოიგო, მაგრამ ჩემპიონობა ვერცერთმა მოიპოვა. ფერგიუსონი 1986 წლის ნოემბერში აბერდინიდან მოვიდა, სადაც 1983 წელს თასების მფლობელთა თასის ფინალში რეალ მადრიდი დაამარცხა.
ინგლისის თასი მან 1990 წელს მოიპოვა, თასების მფლობელთა თასი — 1991 წელს, ჩემპიონობა კი — 1993 წელს, 26-წლიანი პაუზის შემდეგ. ამას მოჰყვა „92-ის კლასი“, 1999 წლის ტრებლი და 2008 წლის ჩემპიონთა ლიგა.

მემკვიდრეობა, რომელსაც კლუბი ახლაც ეძებს
კლუბის ყოფილი აკადემიელი აარონ ბერნსი ორ ეპოქას შორის პირდაპირ კავშირს ხედავს:
„ფერგიუსონმა ძირითადი ღირებულებები ჩამოაყალიბა, მაგრამ ისინი სერ მეტ ბასბის პრინციპებზე დააფუძნა“.
Sky Sports-ის აზრით, მანჩესტერ იუნაიტედი იმდენად შეეჩვია ორი გამორჩეული პიროვნების ლიდერობას, რომ წარმატებას მათ გარეშე ძნელად წარმოიდგენს. კლუბმა მეორე „მესიას“ 17 წელი უცადა და ახლა მესამეს ელოდება.
მეტი სიახლე: მანჩესტერ იუნაიტედი · ლივერპული · მანჩესტერ სიტი · პრემიერ ლიგა
წყარო: Sky Sports Transfer Centre
წყარო: Sky Sports Transfer Centre
კომენტარები