როგორც GianlucaDiMarzio.com იტყობინება, რომის ნახევარმცველმა ნიკოლო პიზილიმ ესპანურ Marca-ს ვრცელი ინტერვიუ მისცა. 22 წლის ფეხბურთელმა ისაუბრა კაპიტნის სამკლაურზე, კლუბის ლეგენდებსა და იმ ორ მწვრთნელზე, რომლებმაც მის კარიერაზე დიდი გავლენა მოახდინეს.

ნიკოლო პიზილი კაპიტნის სამკლაურზე
პიზილი არასდროს მალავდა, რომ ბავშვობიდან რომის გულშემატკივარია. მისი თქმით, ამ კლუბში თამაში დიდი სიამაყე და ემოციაა. სამკლაურის ტარება კი, მისივე სიტყვებით, უდიდესი პატივი და პასუხისმგებლობა იყო.
ფრანჩესკო ტოტისა და დანიელე დე როსისთან შედარებაზე ნახევარმცველმა მოკრძალებით უპასუხა: „ისინი ლეგენდარული ფიგურები არიან და მათ ვერ შეადარებ იმას, ვინც სამკლაური მხოლოდ 20 წუთი ატარა“. პიზილის განმარტებით, ის ჯერ კიდევ ახალგაზრდაა და კაპიტნის როლში შემთხვევით აღმოჩნდა.

მოურინიოს მადლობა
ფეხბურთელმა თბილად გაიხსენა ჟოზე მოურინიო, რომელმაც, მისი თქმით, რომისა და მისი ატმოსფეროს სული ბოლომდე შეიგრძნო. პიზილი პორტუგალიელის მადლიერია, რადგან სწორედ მან მისცა დებიუტის შანსი და პირველი გოლის გატანის სიხარული განაცდევინა.
ნახევარმცველმა აღიარა, რომ პირველი გოლის შემდეგ ემოციებს ვერ მოერია და ყველაფერი სრულიად ინსტინქტურად მოხდა. მოურინიოსთან საუბრისას კი ცდილობდა, რაც შეიძლება მეტი ესწავლა — როგორ მოიგო ამდენი ტიტული და როგორ გარდაქმნა ამდენი ფეხბურთელი.

ნიკოლო პიზილი გასპერინიზე
მიმდინარე მთავარ მწვრთნელზე, ჯან პიერო გასპერინიზე, პიზილი აღფრთოვანებით საუბრობს. მისი შეფასებით, გასპერინიმ ატალანტას ისტორია შეცვალა, რომში კი პირველივე წელს გუნდი ჩემპიონთა ლიგაში დააბრუნა.
„ის მაესტროა, ნამდვილად შესანიშნავი. ეს მისი გუნდების თამაშის სტილიდანაც ჩანს“.
ნიკოლო პიზილის თქმით, ის ყოველ ვარჯიშსა და შეხვედრაზე მაქსიმუმს დებს, რათა ზუსტად გაიგოს, რას მოითხოვს მისგან მწვრთნელი, და მასთან რაც შეიძლება მეტი ისწავლოს.
კომენტარები