როგორც Mundo Deportivo იტყობინება, ფლორენტინო პერესი რეალ მადრიდის სამომავლო გარდაქმნაზე ფიქრს არ წყვეტს. ივნისის არჩევნებში გამარჯვების შემდეგ კლუბის პრეზიდენტის მთავარი მიზანი მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში სწორედ ორგანიზაციული სტრუქტურის შეცვლაა.

ეს საკითხი კვირას, 21-ში დაგეგმილი ასამბლეის დღის წესრიგში არ შესულა. გამოცემის ცნობით, ამ დღეს ყურადღების ცენტრში რაფაელ ნადალი იქნება, რომლის დირექტორთა საბჭოში შესვლაც უნდა დამტკიცდეს. ეს ნაბიჯი კლუბის იმიჯისთვის მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით პერესის ოპონენტის, ენრიკე რიკელმეს, ფონზე.
ფლორენტინო პერესის გეგმა: ახალი კომპანია კლუბის შიგნით
პერესს რეალ მადრიდის შიგნით კომერციული საზოგადოების შექმნა სურს. კომპანიას პრეზიდენტის მარჯვენა ხელი, ანას ლაგარი, უხელმძღვანელებს, ნადალის გამოჩენა კი ამ როლს არაფრით ცვლის.
ახალი კომპანიის საწყისი ღირებულება დაახლოებით 10 მილიარდი ევრო იქნება. წილის 80-90% კლუბს დარჩება, დანარჩენი კი გარე კომპანიას გადაეცემა. ესპანეთის კანონმდებლობის თანახმად, ეს წილი 5%-ზე ნაკლები არ უნდა იყოს და შესაძლოა 10%-მდე გაიზარდოს. შესაბამისად, ინვესტორს 500 მილიონი (5%) ან 1 მილიარდი ევრო (10%) დასჭირდება. ასეთი მოდელი კლუბს საშუალებას მისცემს, თავიდან აიცილოს სპორტულ სააქციო საზოგადოებად (SAD) გადაქცევა.

რა ეტაპები უნდა გაიაროს რეფორმამ
გეგმის მიხედვით, კლუბის მთელი ძირითადი საქმიანობა ახალ სტრუქტურაში გადავა. კომპანია უკვე დარეგისტრირებულია სახელით Real Madrid Madridistas SL, მის ერთპიროვნულ ადმინისტრატორად კი გენერალური დირექტორი და საბჭოს წევრი, ხოსე ანხელ სანჩესი, არის დასახელებული.
თუმცა საბოლოო ნაბიჯის გადასადგმელად ფლორენტინო პერესს ჯერ გენერალური ასამბლეის თანხმობა სჭირდება, შემდეგ კი საკითხი კლუბის ყველა წევრის რეფერენდუმზე უნდა გავიდეს. Mundo Deportivo-ს თქმით, ახალი მოდელი მომავალში კლუბს საშუალებას მისცემს, ჰყავდეს პრეზიდენტი, რომელიც ამჟამინდელ ლიდერზე ნაკლებად ჩაერევა საქმეებში.

მეტი სიახლე: რეალ მადრიდი · ლა ლიგა
წყარო: Mundo Deportivo
წყარო: Mundo Deportivo
კომენტარები